საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ევროპის ჩემპიონს, ლუკა მაისურაძეს შეხვდა #1TVSPORT
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ძიუდოში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტს, ლუკა მაისურაძეს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და ბიზნესმენი დავით ხიდაშელი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტის სტუდენტები წარმატებით აგრძელებენ საქართველოს სახელით მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ასპარეზობას. თავის მხრივ, უნივერსიტეტი სტუდენტებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და სპორტულ თუ პროფესიულ წინსვლაში ყოველმხრივ ხელს უწყობს.
„უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ძალისხმევას არ იშურებს, რათა ააღორძინოს ჩვენი უნივერსიტეტის სპორტული ტრადიციები და განავითაროს საუნივერსიტეტო სპორტი. მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს წარმატებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რაც პირველ რიგში ითვალისწინებს მოქნილი სასწავლო გრაფიკის შეთავაზებას და ინდივიდუალურ შეღავათებს მაღალი აკადემიური მოსწრების სპორტსმენებისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ლუკას დიდ წარმატებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გამოთქვა სურვილი ლუკას სწავლის საფასური დააფინანსოს“, – განაცხადა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.
ლუკა მაისურაძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს დავით გურგენიძეს, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, რუსუდან ქუთათელაძეს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელს:
„გასაოცრად ამაღლებული განცდაა, როცა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევ. ოქროს მედალი სხვა სიხარულია, მით უმეტეს, როცა ხედავ, რომ უამრავი ადამიანია შენი წარმატებით გახარებული. მინდა ხაზგასმით მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ადმინისტრაციას, ჩემი ფაკულტეტის დეკანს – ხელშეწყობისა და გვერდში დგომისთვის. ყოველთვის ვეცდები ვასახელო ოჯახი, საქართველო, ჩემი მწვრთნელი და ჩემი უნივერსიტეტი“, – განაცხადა ლუკა მაისურაძემ.
ბიზნესმენ დავით ხიდაშელის განცხადებით, სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით და უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, ის სპეციალური ფონდის შექმნას გეგმავს:
„ფონდი ფუნდამენტურად მიუდგება საკითხს, დააფინანსებს წარმატებულ სტუდენტებს, მით უმეტეს, იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს მსოფლიო მასშტაბით ასახელებს. ბედნიერებაა, როცა საზღვარგარეთ ასპარეზობ, ჩემპიონი ხდები, მაგრამ უფრო მეტად ბედნიერი ხარ, როცა საქართველოს დროშას ხედავ და პირველ რიგში, შენი ქვეყნის ჰიმნი ისმის. ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა, რომ ასეთ სტუდენტებს ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ“, – განაცხადა დავით ხიდაშელმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა, ლუკა მაისურაძემ ძიუდოში ოქროს მედალი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველ მაისს მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალში მან სერბი დარკო ბრასნიოვიჩი დაამარცხა, მანამდე კი ერთმანეთის მიყოლებით სძლია ესტონელ კლენ კალიულანდს, სლოვაკ პეტერ ჟილკას, რუმინელ ალექს კრეტის და უნგრელ კრისტიან ტოტის.