ვახტანგ გომელაური - რუსეთში ბევრს აქვს ახლო კავშირები, მათ შორის ოპოზიციიდან, და ჰყავთ დამფინანსებლები, დეტალებში ნუ ჩამიყვანთ
ვახტანგ გომელაური - რუსეთში ბევრს აქვს ახლო კავშირები, მათ შორის ოპოზიციიდან, და ჰყავთ დამფინანსებლები, დეტალებში ნუ ჩამიყვანთ

რუსეთში ბევრს აქვს ახლო კავშირები, მათ შორის ოპოზიციიდან, და ჰყავთ დამფინანსებლები, დეტალებში ნუ ჩამიყვანთ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მედიის წარმომადგენლებმა ვახტანგ გომელაურს კითხვა დაუსვეს, როგორ კომენტარს გააკეთებდა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი დავით ხიდაშელი რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მეგობარია“.

„არ ვიცი, ვისთან არის დაკავშირებული. ზეპირად არ ვიცი, თავდაცვის მინისტრს ვინ ჰყავს მრჩეველი, ჩემი მრჩეველი იყო? არ ვიცი, ეს ადამიანი ევტუშენკოვის მეგობარია თუ სხვა ვიღაცის და როგორ გაგცეთ პასუხი? შეიძლება პირიქით, კარგ საქმეს აკეთებდა. ვთქვათ, რატომ არის ცუდი? თქვენ იცით, რომ ცუდი ადამიანია ის? რუსეთში ძალიან ბევრს აქვს ახლო კავშირები, მათ შორის ოპოზიციიდან, და ჰყავთ დამფინანსებლები, დეტალებში ნუ ჩამიყვანთ“, – განუცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დავით ხიდაშელთან დაკავშირებით განცხადება 15 მარტს გაავრცელა.

„2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად. იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს. ამასთან, დავით ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.