საქართველოს ტექბოლის ფედერაციამ პრეზენტაცია გამართა - მალე ახალი სახეობის ნაკრები ჩამოყალიბდება #1TVSPORT
დღეს, 35-ე საფეხბურთო სკოლაში საქართველოს ტექბოლის ფედერაციის პრეზენტაცია გაიმართა. ტექბოლი ფეხბურთზე დაფუძნებული სპორტის ახალი მიმდინარეობაა, რომლის სათამაშოდ საჭიროა სპეციალური მაგიდა და ბურთი. ეს თამაში ხელს უწყობს ახალი ტექნიკური უნარების შეძენას, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც გამოადგებათ და პროფესიონალებსაც.
საქართველოს ტექბოლის ფედერაციის დამფუძნებლები არიან რევაზ და არჩილ არველაძეები, დიმიტრი ბოკერია, ნიკა ჩხეიძე. მათ მთავარი პარტნიორი და ტექბოლის საკლუბო განვითარების პროგრამა წარადგინეს. ასევე 2021 წელს საქართველოში დაგეგმილი ტურნირებისა და საქართველოს ნაკრების ჩამოყალიბების შესახებ ილაპარაკეს.
პრეზენტაციის დასრულებისთანავე გაიმართა ტურნირი წყვილებში, სადაც მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დავით თარგამაძე. საქართველოს ტექბოლის ფედერაციის დამფუძნებლებმა ტექბოლის მაგიდები საფეხბურთო გუნდების წარმომადგენლებს გადასცეს, რომლებმაც ჩემპიონატში თამაშის სურვილი გამოთქვეს.