დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება ორგანიზაციის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
მთავარი არბიტრი იაროსლავ პშიბილი იქნება – 45 წლის მსაჯი, რომელიც პოლონეთის ჩემპიონატის მატჩებს 2007 წლიდან ემსახურება. მან ბოლო 10 შეხვედრაში ყვითელი ბარათი 48-ჯერ გამოიყენა, ანუ საშუალოდ შეხვედრაში ფეხბურთელებს 4,8-ჯერ აყვითლებს. ბოლოს საერთაშორისო მატჩი სლოვაკეთი-ლატვიის ქალთა ნაკრებებს შორის 2020 წლის 27 ოქტომბერს განსაჯა. მისი ასისტენტები იქნებიან კონრად საპელა და არკადიუშ ვუიჩიკი, ხოლო მეოთხე მსაჯი – ირაკლი კვირიკაშვილი.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 2021-ის ფინალური შეხვედრა 8 დეკემბერს ქუთაისში გაიმართება. საქართველოს თასისთვის ერთმანეთს ეროვნული ლიგის გუნდები – წყალტუბოს „სამგურალი“ და თბილისის „საბურთალო“ დაუპირისპირდებიან.
ფინალი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 დეკემბერს 17:00 საათზე დაიწყება. ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით მატჩს სტადიონის ტევადობის 33%-ის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაესწრება.
COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, აღნიშნულ მატჩებზე სფფ-ის მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისი შეზღუდვები იმოქმედებს. მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.