საქართველოს შვიდკაცა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა
საქართველოს შვიდკაცა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა
საქართველოს შვიდკაცა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, სადაც ერთკვირიან შეკრებას გაივლის. ზაზა ლეჟავას გუნდი 18 მარტს ზიმბაბვეში გადაინაცვლებს, სადაც 23-24 მარტს საერთაშორისო ტურნირს ითამაშებს. საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

ჩვენი გუნდი ევროპის გრან პრის სერიებისა და 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება და აფრიკული ტურნე მზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
7-კაცა აფრიკაში 14-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა. შარშანდელთან შედარებით გუნდში რამდენიმე ახალი სახეა. ყველაზე ახალგაზრდა 18 წლის იაგო ხაბულიანია, რომელმაც შარშან 18-წლამდე 7-კაცა ითამაშა. ნაკრების კვართით თამაშის შანსი პირველად ეძლევა დავით თაბუკაშვილს, ასევე ბონდო ლომიძეს. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ 7-კაცაში ითამაშებს ნიკა სუხაშვილი.
გუნდში ყველაზე მეტი, სამი წარმომადგენელი გორის ‘ჯიქს’ ჰყავს, ორ-ორი მოთამაშეა მარნეულის ‘არმაზიდან’ და ქუთაისის ‘აიადან’, ასევე პირველ ლიგელი იუნკერებიდან.
საქართველოს შიდკაცა ნაკრების შემადგენლობა
ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ივანე ხელაია (ლოკომოტივი), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), ნიკო აფციაური (ლელო-სარასენსი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ბონდო ლომიძე (იუნკერები), დიმიტრი კალანდაძე (ჯიქი), ნიკა სუხაშვილი (ჯიქი), დავით თაბუკაშვილი (ხარები), იაგო ხაბულიანი (აია), გიორგი აბრამიძე (აია).
ევროპის გრან პრიმდე საქართველოს 7-კაცა ნაკრები კიდევ ორ მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს, 25-26 მაისს საფრანგეთში და 6-8 ივნისს იტალიაში. გრან-პრის პირველი ეტაპი მოსკოვში 22-23 ივნისსაა ჩანიშნული. ოლიმპიური თამაშების ევროპის ზონის შესარჩევი ტურნირი 13-14 ივლისს საფრანგეთში გაიმართება. მასში გრან პრის 9 მოწინავე, „ალაფას“ ორი და მესამე, კონფერენც დივიზიონის გამარჯვებული გუნდები ითამაშებენ.