18-წლამდე შვიდკაცა ნაკრებმა ირლანდიაც დაამარცხა და „ბ“ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა
18-წლამდე შვიდკაცა ნაკრებმა ირლანდიაც დაამარცხა და „ბ“ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა

საქართველოს 18-წლამდე შვიდკაცა ნაკრები, პოლონეთის ქალაქ გდანსკში ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს.

ტურნირის პირველ შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“ რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 27:12 დაამარცხეს. 16:51 საათზე, მეორე შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს მეტოქე ჯგუფის აუტსაიდერი ლუქსემბურგი იყო. თამაშის ტემპს ქართველი ახალგაზრდები აკონტროლებდნენ, თუმცა ბევრ შეცდომას უშვებდნენ. მიუხედავად ამისა, მათ გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ – 29:10.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა, 19:14 საათზე გაიმართა და მასში საქართველოს მეტოქე ირლანდია იყო. „სამყურებს“ „ბორჯღალოსნების“ მსგავსად პირველი ორი მატჩი მოგებული ჰქონდათ და გამარჯვების შემთხვევაში „ბ“ ჯგუფის პირველ ადგილოსნები სწორედ ისინი გახდებოდნენ.

ქართველმა თვრამეტწლამდელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი ტაიმი ანგარიშით 19:0 მოიგეს. ვითარება არც მეორე ნახევრის სტარტზე შეცვლილა – ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ კიდევ ერთი ლელო დადეს და 24 ქულით გავიდნენ წინ. ირლანდიამ ერთი ლელოს გაქვითვა მოახერხა, მაგრამ ბოლო წამებზე ლელო კვლავ საქართველომ დადო და საბოლოო ანგარიში – 31:7 დააფიქსირა.