შვიდკაცა რაგბი | საქართველოს ნაკრები მონტევიდეოში ითამაშებს - მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT
შვიდკაცა რაგბი | საქართველოს ნაკრები მონტევიდეოში ითამაშებს - მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში 8-10 მარტს მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მეორე ეტაპზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ეტაპზე, დუბაიში ხუთიდან ორი თამაში მოიგო და მერვე ადგილი დაიკავა, რისთვისაც საერთო ჩათვლაში ექვსი ქულა ჩაიწერა.

მონტევიდეოში საქართველო A ჯგუფში ითამაშებს, მისი მეტოქეები დუბაის ეტაპის გამარჯვებული კენია, ტონგა (მე-6 დუბაიში) და პორტუგალია (მე-10) იქნებიან. B ჯგუფში ჩილე, ჰონკონგი, იაპონია და მექსიკა მოხვდნენ, C ჯგუფში – გერმანია, პაპუა ახალი გვინეა, უგანდა და ურუგვაი.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა, ბესიკ ხამაშურიძემ და გია ლაბაძემ ის 12 მოთამაშე შეარჩიეს, ვინც ურუგვაიში ითამაშებს. დუბაის ეტაპის შემდეგ გუნდში სამი ცვლილებაა – მონტევიდეოში ირაკლი სიმსივე, თემურ ჭიჭინაძე და დავით იმნაძე მიემგზავრებიან.

გია ლაბაძე (საქართველოს შვიდკაცა ნაკრების მწვრთნელი) – „პირველ ეტაპზე უკეთეს შედეგს ველოდით. დუბაიში დავინახეთ, რომ ამ ეტაპზე წარმატების მისაღწევად მეტი მუშაობაა საჭირო. დუბაიში სათამშო დისციპლინა არ იყო სათანადო დონეზე, გაგვიფუჭდა ბევრი ბოჭვა, შვიდკაცაში კი ამის დაზღვევა ძალიან რთულია.

ურუგვაიში გამგზავრებამდე გვქონდა ორი შეკრება. ვეცდებით, შეცდომები გამოვასწოროთ და შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ და თუ ეს შევძელით, შედეგიც უკეთესი იქნება“.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, თემურ კოხოძე, საბა არჩვაძე, გიორგი ჯობავა, გაგა ქევხიშვილი, რომან მახათაძე, ირაკლი სიმსივე, თემურ ჭიჭინაძე, დავით იმნაძე.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე