საქართველოს სერბეთიდან ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ეწვევიან 
საქართველოს სერბეთიდან ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ეწვევიან 

ტურიზმის კუთხით საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში სერბეთიდან ტურისტული ოპერატორებისა და მედიის წარმომადგენლების ჩამოყვანა დავგეგმეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო-სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომის შემდეგ გაფორმდა ოქმი, რომელშიც გაწერილია ერთი წლის გეგმა, თუ როგორ და რა მიმართულებებით უნდა ითანამშრომლონ საქართველოსა და სერბეთის სახელმწიფოებმა.

„ხელი მოვაწერეთ ოქმს, სადაც ჩვენმა ექსპერტებმა შეათანხმეს კონკრეტული მიმართულებები, რას ვგეგმავთ მომავალი ერთი წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის.  ვიმსჯელეთ სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის მაგალითად ტურიზმის სფერო, როგორ უნდა ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომ უფრო მეტი ტურისტი გადაადგილდებოდეს ორ ქვეყანას შორის. დავგეგმეთ საქართველოში სერბი ტუროპერატორებისა და მედიის წარმომადგენლების ჩამოსვლა, რომლებიც სწორედ ტურიზმის კუთხით მოახდენენ საქართველოს პოპულარიზაციას სერბეთში, რათა უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ამ ქვეყნიდან“, – განაცხადა გენადი არველაძემ.

თბილისში დღეს საქართველო-სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. აღნიშნული კომისიის ფარგლებში, ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ბიზნესფორუმი ჩატარდა.