ტიტუს კორლეციანი - საერთაშორისო მისიებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს, როგორც ძირითადად თავისუფალი, კონკურენტული, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული
ტიტუს კორლეციანი - საერთაშორისო მისიებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს, როგორც ძირითადად თავისუფალი, კონკურენტული, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული

ჩვენ უნდა წავაქეზოთ მმართველი ძალა და ოპოზიცია, რათა დიალოგი გაგრძელდება და ეს პოლარიზაცია აღმოიფხვრას, – ამის შესახებ რუმინელმა დეპუტატმა, საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელმა ტიტუს კორლეციანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, რომელზეც საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს განიხილავენ.

„ეს არჩევნები გაიმართა მას შემდეგ, რაც შედგა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც საარჩევნო პროცესსა და სისტემას ეხებოდა, რასაც თავის მხრივ წინ უსწრებდა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმა, რასაც საფუძვლად დაედო დებატები საქართველოს პარლამენტში, ასევე დიალოგს, მოლაპარაკებებს. ხანდახან ეს მოლაპარაკებები რთული იყო. ეს დიალოგი იმართებოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორი მომხსენებლის ჩართულობით და მხარდაჭერით და ფოკუსირებული იყო საქართველოს მიერ დადებულ პირობაზე, რაც კონკრეტულად ეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რომელიც ძალაში 2024 წელს უნდა შევიდეს. თუმცა, ჩვენი პოზიცია და თხოვნა იყო, რომ ამ სისტემისკენ პირველი ნაბიჯი უკვე 2020 წელს გადაედგათ. ასეც მოხდა და ამიტომ მივესალმებით ამ ფაქტს, რომ ბოლო არჩევნები ამ რეფორმის საფუძველზე გაიმართა“, – განაცხადა რუმინელმა დეპუტატმა.

ტიტუს კორლეციანის თქმით, საერთაშორისო მისიებმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს, როგორც ძირითადად თავისუფალი, კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.

„ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ მინდა, გავუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია ხარვეზები გამოსწორდეს. ისმოდა ბრალდებები გადაცდომების შესახებ. მე ასევე დავამატებდი პოლარიზაციის საკითხს. ეს შემაშფოთებელი სიტუაციაა. ჩვენ უნდა წავაქეზოთ მმართველი ძალა და ოპოზიცია, რათა დიალოგი გაგრძელდება და ეს პოლარიზაცია აღმოიფხვრას. მთავრობამ სერიოზულად უნდა გამოიძიოს ყველა გადაცდომის ბრალდება და სათანადოდ გამოასწოროს ხარვეზები, რაც უნდა ეფუძნებოდეს ეუთო-ს, ოდირის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, დაბრუნდეს პარლამენტში. სწორედ პოლარიზაციამ გამოიწვია ის, რომ მათ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც დემოკრატიული დებატები უნდა იმართებოდეს. ჩვენ უახლოეს ხანში ვგეგმავთ საქართველოში დაბრუნებას და რეფორმების პროცესში მონაწილეობის გაგრძელებას“, – განაცხადა რუმინელმა დეპუტატმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შესახებ ანგარიში რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ანგარიშის ავტორია ტინი კოქსი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული, ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული. ამასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყველა პარტიას მოუწოდებს, ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები და მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას ძირი არ გამოუთხარონ.

 

დატოვე კომენტარი