საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, საელჩოში მომხდარისას დააკავეს ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც ​პრორუსული პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმიანობით გამოირჩევა.

„2018 წლის 7 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი გამოფენის – Victima-ს მიმდინარეობისას საელჩოს შენობაში ვიდეოკამერით შეიჭრა უცხო პირი, რომელიც იქცეოდა აგრესიულად, უნებართვოდ იღებდა გამოფენას და ხმამაღლა სკანდირებდა ნატო-ს საწინააღმდეგო ლოზუნგებს და ქართულ მხარეს ბრალს სდებდა ბრიტანელი აუდიტორიისათვის ყალბი ინფორმაციის მიწოდებაში.

საელჩოს მიერ გამოძახებული იქნა დიპლომატიური პოლიცია, რომელიც მყისიერად გამოცხადდაა შემთხვევის ადგილას და დააკავა შენობაში შემოჭრილი პირი.

​ამჟამად მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

​პირველადი ინფორმაციით, ეს პიროვნება გახლავთ ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც გამოირჩევა პრორუსული პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმიანობით და აქვეყნებს მასალებს სხვადასხვა რუსულ საინფორმაციო სააგენტოებში. სავარაუდოდ, მისი ეს ქმედებაც ატარებდა პროვოკაციულ მიზნებს. მომხდარის სრულყოფილი შეფასებისთვის ველოდებით გამოძიების დასრულებას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა მედიას განუცხადა, რომ დაკავებული რუსული მედიის ჟურნალისტი გრემ ფილიპსია.