დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში რუსული მედიის ჟურნალისტი გრემ ფილიპსი შეიჭრა, რომელიც დააკავეს
დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში რუსული მედიის ჟურნალისტი გრემ ფილიპსი შეიჭრა, რომელიც დააკავეს

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს შენობაში ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც რუსული საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტი და ბლოგერი გრემ ფილიპსი ბრიტანულმა პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა რადიო თბილისს დაუდასტურა.

თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მოწყობილ მხატვარ გია ბუღაძის გამოფენაზე გრემ ფილიპსი აგრესიული შეძახილებით შეიჭრა და ამბობდა, რომ საქართველო ინფორმაციას აყალბებს.

„საელჩო გახდა რუსული აგრესიის მსხვერპლი, რადგანაც სრულიად მოულოდნელად შემოიჭრა ადამიანი კამერით, რომელიც ხმამაღლა, აგრესიულად ყვიროდა, რომ ეს არის პროპაგანდა, რომ ქართული პროპაგანდა არის თავსმოხვეული ბრიტანულ აუდიტორიაზე, რომ ეს ყველაფერი არის ყალბი და სიცრუე“, – განუცხადა რადიო თბილისს ბერუჩაშვილმა.

ელჩის განცხადებით, ადგილზე დიპლომატიური პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც ოპერატიულად იმოქმედა და გრემ ფილიპსი დააკავა.

პირველი არხი კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, რომელიც მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

დატოვე კომენტარი