საქართველოს საგარეო უწყება - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას გამართავს ჩვენი საელჩოს დიპლომატი, რომელიც გაცვლის ინფორმაცის სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით
უკრაინაში საქართველოს ელჩი არ არის დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„უწყებაში შეხვედრას გამართავს საელჩოს დიპლომატი, რომელიც დადგენილი წესის თანახმად გაუცვლის ინფორმაცის უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ უკრაინის მოქალაქე“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინაში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით, უკრაინული მედია ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნა, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნა, რომ იმყოფებოდა ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
ცოტა ხნის წინ, შსს-მ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრები გაავრცელა.