საქართველოს საგარეო უწყება ტაილანდში 8 თებერვლის ტრაგიკული მოვლენების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო უწყება ტაილანდში 8 თებერვლის ტრაგიკული მოვლენების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ტაილანდის სამეფოში ტრაგიკული მოვლენების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმრებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას 2020 წლის 8 თებერვალს ტაილანდში, ქალაქ ნახონ რატჩასიმაში (Nakhon Ratchasima) განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, რის შედეგადაც დაიღუპა 29 და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. სამინისტრო უსამძიმრებს ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ტაილანდის მთავრობასა და ხალხს, უცხადებს მათ გულითად თანადგომას ამ მძიმე წუთებში“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ტაილანდში, ნახონ რატჩასიმას სავაჭრო ცენტრ „ტერმინალ 21“-ში 8 თებერვალს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი სამხედრო მოსამსახურე იყო, რომელიც ქვეყნის არმიაში, სავარაუდოდ, სნაიპერად მსახურობდა. ტაილანდის არმიის კაპრალმა, სამხედრო ბაზაზე მეთაური და კიდევ ორი პირი მოკლა, იარაღი და ავტომობილი გაიტაცა და ქალაქის ცენტრში ჯერ ბუდისტურ ტაძარს გაუხსნა ცეცხლი, შემდეგ კი, სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდამსხმელი სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ლიკვიდაციამდე, შეირაღებულმა თავდამსხმელმა სავაჭრო ცენტრში 26 ადამიანი მოკლა, რამდენიმე საათიანი სროლის შედეგად 63 ადამიანი დაშავდა.