საქართველოს საგარეო უწყება - მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოსთვის ასეთ რთულ ვითარებაში ნატო კვლავაც ერთგული რჩება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და უფრო აღრმავებს თანამშრომლობის ფორმატებს
საქართველოს საგარეო უწყება - მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოსთვის ასეთ რთულ ვითარებაში ნატო კვლავაც ერთგული რჩება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და უფრო აღრმავებს თანამშრომლობის ფორმატებს

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიიღეს გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი შემჭიდროვებულ, დისტანციური ფორმატით ჩატარდა, საქართველოს საკითხს ალიანსის დღის წესრიგში მაინც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.

„მინისტერიალის ფარგლებში, COVID-19-ის გავრცელების და საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, მინისტრებმა განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხადრაჭერის ახალი ზომების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ ზომებში შედის ისეთი ინიციატივები, როგორიცაა: საქართველოსა და უკრაინის უფრო მეტად ჩართვა შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატო-სა და წევრი-ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში; ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავება; საქართველოს ჩართვა შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონალურ პროგრამაში; უკრაინის უფრო მეტად ჩართვა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრსა (JTEC) და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) დაგეგმილ ღონისძიებებში“,- აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ხსენებული საკითხები განხილულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის 2020 წლის 27 მარტის სატელეფონო საუბრისას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას შეთანხმებული საკითხების იმპლემენტაციის მიზნით.

„მნიშვნელოვანია, რომ ნატო-სთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის ასეთ რთულ ვითარებაში ალიანსი კვლავაც ერთგული რჩება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი და მეტიც, კონკრეტული გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო აღრმავებს თანამშრომლობის ფორმატებს. დღევანდელ მინისტერიალზე მიღებული ზომები კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან, გააძლიერებს ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს და მდგრადობას და კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზანთან“,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ტელეკონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსმა გადავწყვიტა პარტნიორობის გაღრმავება საქართველოსთან და უკრაინასთან.