საქართველოს საგარეო უწყება - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრისთვის დელეგაციების შემადგენლობასა და დღის წესრიგზე საუბარი ჯერ ნაადრევია
საქართველოს საგარეო უწყება - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრისთვის დელეგაციების შემადგენლობასა და დღის წესრიგზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრისთვის დელეგაციების შემადგენლობასა და დღის წესრიგზე საუბარი ჯერ ნაადრევია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში მაისში საქართველოში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადეს.

მათივე თქმით, საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, კოორდინაციაშია მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან.

„საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, მაისში უმასპინძლებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრას. ორგანიზაციას აქვს მაღალი დონის ღონისძიებების ჩატარების თავისი წესდება და საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, კოორდინაციაშია მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან ყველა საკითხზე. დელეგაციების შემადგენლობასა და დღის წესრიგზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.

გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენლის, ლეონიდ კალაშნიკოვის შეკითხვაზე საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკისგან განსხვავებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს. „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ნებართვის გარეშე ნამყოფ პირებს ქვეყანაში შემოსვლას უკრძალავს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა მის განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მას არ მოუპატიჟებია საქართველოში რუსეთის წარმომადგენლები, არამედ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისგან განსხვავებით პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და მზადაა, ორგანიზაციის პრინციპებისა და წესების გათვალისწინებით მიიღოს საპარლამენტო ასამბლეა.