საქართველოს საგარეო უწყება - ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს რუსეთს, ხელი არ შეუშალოს ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას
საქართველოს საგარეო უწყება - ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს რუსეთს, ხელი არ შეუშალოს ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდზე მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დაგმეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაგვიანებით, შინაგანი ორგანოების გარეშე გადმოცემა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათ რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს ორგანოების დაუყოვნებლივ გადმოცემისკენ, რათა შესაძლებელი გახდეს ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარება.

„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდზე განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა.

საქართველოს წარმომადგენლებმა თანათავმჯდომარეებსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მონაწილეებს გადასცეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შუალედური დასკვნა, რომელიც ნათლად წარმოაჩენს არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის ფაქტს. მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების, დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის, მიმართ არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის საქართველოს პროკურატურის მიერ ბრალის დაუსწრებლად წარდგენის შესახებ. მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დაგმეს ცხედრის დაგვიანებით, შინაგანი ორგანოების გარეშე, გადმოცემა. მათ რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს ორგანოების დაუყოვნებლივ გადმოცემისაკენ, რათა შესაძლებელი გახდეს ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარება.

საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას და მოუწოდეს, ხელი არ შეუშალოს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას. აღინიშნა, რომ ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფა უკვე იქცა შემაშფოთებელ ტენდენციად, რისი დასტურიცაა გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ხაზი გაუსვეს აღნიშნულ საქმეებზე დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობას.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, წამოჭრილ საკითხებზე რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ვერ გასცეს არგუმენტირებული პასუხები.