საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდზე განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდზე განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს წარმომადგენლებმა თანათავმჯდომარეებსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მონაწილეებს გადასცეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შუალედური დასკვნა, რომელიც ნათლად წარმოაჩენს არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის ფაქტს.

„საქართველოს წარმომადგენლებმა თანათავმჯდომარეებსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების, დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის, მიმართ არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის საქართველოს პროკურატურის მიერ ბრალის დაუსწრებლად წარდგენის შესახებ. მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დაგმეს ცხედრის დაგვიანებით, შინაგანი ორგანოების გარეშე, გადმოცემა. მათ რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს ორგანოების დაუყოვნებლივ გადმოცემისაკენ, რათა შესაძლებელი გახდეს ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარება.

საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას და მოუწოდეს, ხელი არ შეუშალოს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას. აღინიშნა, რომ ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფა უკვე იქცა შემაშფოთებელ ტენდენციად, რისი დასტურიცაა გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან“, აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ხაზი გაუსვეს აღნიშნულ საქმეებზე დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობას.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, წამოჭრილ საკითხებზე რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ვერ გასცეს არგუმენტირებული პასუხები.

„მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს მოსკოვის მიერ აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაციისთვის კონკრეტული ნაბიჯების შემუშავების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უკანონოდ განლაგებული რუსეთის ძალების ეტაპობრივად გაყვანა და იქ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა. საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების აუცილებლობას. ამ ფონზე რუსეთის ფედერაცია ჩვეული ცინიზმით შეეცადა წარმოეჩინა, თითქოს მას უკვე შესრულებული აქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“,- აღნიშნავენ უწყებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებებზე აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის აუცილებლობაზე. აღინიშნა მისიის მიმართ რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების მიუღებლობა. ხაზი გაესვა, რომ მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია კიდევ უფრო აბრკოლებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის განხორციელებას.

„ვრცლად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება. აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციასა და უკანონო სამხედრო წვრთნებზე, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.

მონაწილეებმა საქართველოდან შეშფოთება გამოხატეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო. მათ პროვოკაციად შეაფასეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება ე.წ. „საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებზე კომისიის“ შექმნის თაობაზე. აღინიშნა ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და სხვადასხვა დისკრიმინაციული ზომების მიღების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება. ხაზი გაესვა უკანონო დაკავებებისა და გატაცებების მიუღებლობას. ამ კონტექსტში იქნა განხილული სასულიერო პირთა თავისუფლების თვითნებურად აღკვეთა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე ადგილობრივ მოსახლეობის წვდომის შეზღუდვა.

ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერება განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა ორივე სამუშაო ჯგუფში. საქართველოს წარმომადგენლებმა ეთნიკური წმენდის გაგრძელებად შეაფასეს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი ქართველი მოსახლეობის იძულება უცხოელებად დარეგისტრირებაზე და მათი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების შემდგომი შეზღუდვა. შეშფოთება გამოითქვა აგრეთვე გალისა და ახალგორის რაიონებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მძიმე შედეგებთან დაკავშირებით“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე საგნობრივი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე.

„მათ ხაზი გაუსვეს ამ საკითხზე რუსეთის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციის მიუღებლობას. აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები.

მოლაპარაკებების წინა დღეს გაიმართა საინფორმაციო სესია თემაზე: „კონფლიქტთან დარეგულირების პროცესებში დამკვიდრებული პრაქტიკა და პრინციპები“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.