საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადებები გუშინვე, მყისიერად 20-მდე ქვეყანამ გააკეთა და გასული წლის ოქტომბერში რუსეთის მიერ განხორციელებული სახიფათო აქტი დაგმო, – ამის შესახებ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმასა და ამ საკითხზე საერთაშორისო გამოხმაურებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„ჩვენი განცხადების შესაბამისად, როდესაც მოვუწოდეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასებები გაკეთებულიყო, ამას მოჰყვა დაუყოვნებლივი, მკაცრი და ადეკვატური რეაქცია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. გუშინვე, მყისიერად 20-მდე ქვეყანამ გააკეთა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადებები და დაგმო გასული წლის ოქტომბერში რუსეთის მიერ განხორციელებული სახიფათო აქტი. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო თანამეგობრობას უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო მარტო არ არის ამ მძიმე გამოწვევებთან ბრძოლაში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად შესაბამის ნაბიჯებს დგამს.

„მინდა, აქვე გითხრათ, საქართველოს ხელისუფლება დგამს ადეკვატურ, სწორ და შესატყვის ნაბიჯებს, რომ კიბერუსაფრთხოება გაძლიერდეს არამხოლოდ ეროვნულ დონეზე, არამედ სულ უფრო მეტი საერთაშორისო აქტორის მხარდაჭერით მოხდეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებისა და გამოწვევის განეიტრალება“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს საქართველოს პარტნიორებმა, საერთაშორისო გამოხმაურებები დღის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება.

„ეს 20-მდე ქვეყანა იყო. პირველ რიგში, არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები – ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, სხვა ქვეყნები, ანუ ძირითადად დასავლელი პარტნიორები, მთელი ცივილიზებული მსოფლიო და ეს გამოხმაურებები დღის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ამასთან, კონსტანტინიდი ამბობს, რომ კიბერშეტევა განიხილება, როგორც შეტევა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

„ეს იყო კიდევ ერთი, მორიგი აქტი, რომლის მიზანიც რეალურად იყო მიმდინარე რეფორმების შეფერხება და სხვა მიზეზებზე უკვე მოგახსენეთ, გარკვეული პანიკის დათესვა მოსახლეობაში, რაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.