საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ მატჩს ისრაელთან გამართავს - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს წლის პირველ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, „მიხეილ მესხი“ არენაზე ისრაელის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრები
მატჩის წინა დღეს, ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა – შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელებიდან არ ჩანდნენ „
უოტფორდის“ მოთამაშეები – გიორგი ჩაკვეტაძე და საბა გოგლიჩიძე, რომლებიც, დიდი ალბათობით, არ ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩით იწყებს ერთა ლიგის შეხვედრებისთვის მზადებას, რომელიც 2026 წელს „ჯვაროსნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება. ვილი სანიოლს გუნდის შეთამაშება სურს, განსაკუთრებით უკანა ხაზში, რადგან გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულება გამოაცხადა – ნაკრების ახალი კაპიტანი კი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.
ისრაელის ნაკრები
თბილისური მატჩი ისრაელისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან საკმაოდ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ეს ამ გუნდისთვის პირველი თამაში იქნება. მიზეზი საომარი ვითარებაა. რან ბენ შიმონის გუნდს ორი ლიდერი დააკლდება – მანორ სოლომონი ტრავმის გამო არ ითამაშებს, ხოლო მოჰამედ აბუ ფანი – პირადი მიზეზების გამო. მათ არყოფნაში მწვრთნელმა ომრი განდელმანი გამოიძახა.
ისრაელის გამოცემები ამტკიცებენ, რომ მოსალოდნელი შემადგენლობა ასეთი იქნება: კარში დანიელ პერეცი დადგება, ოთხკაციან დაცვის ცენტრში – ნიკიტა სტოიანოვი და სტავ ლემკინი, მარცხნივ როი რივო, ხოლო მარჯვნივ – ელი დასა. ნახევარდაცვაში, სავარაუდოდ, ელიელ და დორა პერეცები და გაბი კანიკოვსკი ითამაშებენ, ხოლო შეტევაში შემდეგ ტრიოს ვარაუდობენ – მარჯვნივ ანან ხალაილის, მარცხნივ ოსკარ გლუხს და ცენტრალური თავდამსხმელის როლში – ტაი ბარიბოს.