საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, მესამე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლა 30 სექტემბრამდე იქნება შეზღუდული
საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, მესამე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლა 30 სექტემბრამდე იქნება შეზღუდული

ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, მესამე ქვეყნების მოქალაქეების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდება 2020 წლის 30 სექტემბრამდე, – ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„აღნიშნული გულისხმობს, რომ ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლა შესაძლებელია მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეთათვის, რომლებსაც აქვთ ავსტრიაში ბინადრობის ნებართვა. ამ შემთხვევაში, მათ საზღვარზე უნდა წარადგინონ კოვიდტესტი (PCR Test), რომელიც გაცემული უნდა იყოს არაუგვიანეს ოთხი დღისა ან დაექვემდებარონ 14-დღიან თვითიზოლაციას.

ასევე, გამონაკლისის სახით დაიშვებიან ტრანზიტული მიზნით მომავალი მგზავრები, რომლებმაც თან უნდა იქონიონ დანიშნულების ქვეყანაში გასამგზავრებელი საჭირო დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრებს უწევთ ტრანზიტული ზონის დატოვება, მათ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარადგინონ კოვიდტესტი (PCR Test).

აგრეთვე, ნებადართულია ბიზნესმენების, ხელოვანებისა და სპორტსმენების ვიზიტების განხორციელება დადასტურებულ პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, რაც ასევე დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით.

მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, აგრეთვე, შესაძლებელია ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტაციით.

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში მოგიწოდებთ, ავსტრიაში გამგზავრებამდე გაეცნოთ ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებს. საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: +43 676 3358590“, – ნათქვამია ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.

დატოვე კომენტარი