საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა #1TVSPORT
ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2007 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ქართველ მოჭადრაკეებს დღემდე უკვე 5 სხვადასხვა სინჯის მედალი აქვთ მოპოვებული. პირველად მესამე საპრიზო ადგილზე 2011 წელს გავიდნენ, 2015 წელს ჩემპიონები გახდნენ, ხოლო 2017, 2019 და 2021 წლებში კვლავ ბრინჯაოს მედლები ერგოთ.
ესპანეთის ქალაქ სიტჯესში საქართველოს ნაკრების ღირსებას ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე და სალომე მელია იცავდნენ. გუნდის კაპიტანი დავით ჯოჯუა იყო, მთავარი მწვრთნელი კი ელიზბარ უბილავა.
ქართველთაგან ინდივიდუალურში საუკეთესო ლელა ჯავახიშვილი იყო, რომელმაც მეოთხე დაფაზე მცირე ოქრო მოიგო.
შეჯიბრში 12 ქვეყნის ნაკრებმა ითამაშა, რომლებიც ორ ჯგუფად დაყვეს და წრიული სისტემით ორ-ორი მატჩი ათამაშეს.
საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფში 3 პარტია გამარჯვებით, ორი კი ყაიმით დაასრულა და პირველ ადგილზე გავიდა.
ქართველმა მოჭადრაკეებმა 1/4 ფინალში აზერბაიჯანის გუნდთან ორმატჩიანი დაპირისპირება მოიგეს და 1/2 ფინალი ინდოეთის გუნდთან წააგეს.
ფინალში რუსეთის ნაკრებმა ინდოეთის გუნდს (2,5:1,5), (3:1) სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.