საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს #1TVSPORT
09:50, 15.04.2021
გიორგი ჩხაიძე საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებს გაწვრთნის. ახალგაზრდა სპეციალისტის სახელს ქალთა ფეხბურთის ბოლო წლების ყველაზე დიდი წარმატება უკავშირდება – გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ პირველი ქართული კლუბი გახდა, რომელმაც უეფა-ს 2020/21 წლის სეზონის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა.
გიორგი ჩხაიძე „ლანჩხუთში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2018 წელს მუშაობდა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ კი, მშობლიური ქალაქის ქალთა კლუბს უკვე 2020 წელს დაუბრუნდა და საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული თამაშის შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით „ლანჩხუთი“ ევროპის საუკეთესო 32 კლუბს შორის მოხვდა. გიორგი ჩხაიძესთან ერთად, ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ საქართველოს ჩემპიონატში ორჯერ დაეუფლა ვერცხლის მედლებს.
გიორგი ჩხაიძე, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლევან ბაჯელიძეს შეცვლის. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მატჩები მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან, 2022 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
ალექსანდრე იაშვილი – სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი:
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ლევან ბაჯელიძეს, რომელმაც რთულ პერიოდში ჩაიბარა საქართველოს ქალთა ნაკრები. მან ბევრი გააკეთა ეროვნული გუნდის წევრებთან ერთად და მისი საქმიანობა საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. რაც შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელს, მჯერა, რომ ის ენთუზიაზმი და საქმისადმი დამოკიდებულება, რომელიც გიორგი ჩხაიძემ გამოავლინა ქალთა საკლუბო ფეხბურთში, ახალი, საინტერესო ეტაპი იქნება ჩვენი გუნდისთვის. დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად წარმატებას მოუტანს ჩვენ ნაკრებს. მაქსიმალურად იქნება გამოყენებული რესურსი, რომელიც აქვთ ქალ ფეხბურთელებს, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ისინი იყვნენ ეროვნული ნაკრების წევრები და მათ შეუძლიათ კიდევ უფრო გაზარდონ ინტერესი ახალი თაობის უფრო მეტი ჩართულობის მხრივ. წარმატებები ახალ მთავარ მწვრთნელს მის საქმიანობაში.
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა დაგეგმილ სიახლეებზე, რომელიც უკავშირდება ქალთა როგორც ასაკობრივ, ისე ეროვნულ ნაკრებს.
„უახლოეს პერიოდში ბევრ სიახლეს ვგეგმავთ. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლის მიზანიც იყო გოგონათა მეტი ჩართულობა ფეხბურთში. ჩვენ ყოველწლიურად ვხედავთ ფეხბურთში გოგონათა რაოდენობის ზრდას, მინდა გამოვყო წარმატებული პროექტი – We Play Strong. სწორედ ამ პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ნია წივწივაძე, რომელიც ამიერიდან როგორც ეროვნულ, ისე ასაკობრივ ნაკრებში იმუშავებს. ის იქნება ქალთა ეროვნული გუნდების ხელმძღვანელი და დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მისი საქმიანობა წარმატებული იქნება“.
გიორგი ჩხაიძე – საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რადგან ნდობა გამომიცხადა. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის და ნამდვილად დიდი გამოწვევაა. პასუხისთვის დრო დამჭირდა, ასეთ ნაბიჯს დაუფიქრებლად ვერ გადადგამ, რადგან შენს უკან შენი ქვეყანა, შენი ნაკრები დგას და ორმაგი პასუხისმგებლობაა. ვეცდები, იმედები გავამართლო. თავს არ დავზოგავ. ჩვენი მიზანი იქნება შედეგის გაუმჯობესება, ვეცდებით დღითიდღე მოვუმატოთ. მეტი ქულები დავაგროვოთ და მეტმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიიღოს მონაწილეობა, გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად.“