პრეზიდენტის სასახლეში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა მიმდინარეობს
პრეზიდენტის სასახლეში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა მიმდინარეობს

შეწყალების კომისიის წევრები და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეხვედრაზე 28 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იმყოფება. ისინი ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების კომისიის მორატორიუმთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციებს წარადგენენ.

„გუშინ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და დროებით ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით შეწყალების აქტი აღარ გამოიცემა. ჩვენ ამ პერიოდს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ გვქონდეს ფართო კონსულტაციები პროფესიულ ჯგუფებთან, ადამიანებთან, რომლებიც ამ თემებზე ინტენსიურად მუშაობენ და ფლობენ კონკრეტულ ცოდნას, გამოცდილებას და დაეხმარებიან შეწყალების კომისიას, რომ გაძლიერდეს ეს ინსტიტუცია, რათა ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში საკითხების განხილვის სტანდარტი მაქსიმალურად მაღალი იყოს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, კონსულტაციები მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა გაიმართოს და ჩამოყალიბდეს კრიტერიუმები, რადგან შეწყალებას ბევრი ადამიანი ელოდება.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისში ბაროვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. გაირკვა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ოჯახური ძალადობისთვის ადრეც იხდიდა სასჯელს, თუმცა ის პრეზიდენტმა შეიწყალა, სასჯელი გაუნახევრა და საპატიმრო 2017 წლის მაისში დატოვა.