საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის იუბილეზე პარიზში ელისო ბოლქვაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართება
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის იუბილეზე პარიზში ელისო ბოლქვაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პარიზში, UNESCO-ს სათაო ოფისში, ცნობილი ქართველი ხელოვანის, UNESCO-ს მშიდობის ელჩის, ელისო ბოლქვაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივი კონცერტი  გაიმართება. კონცერტი 4 ივნისსაა დაგეგმილი.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებზე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი  მნიშვნელოვანი ღონისძიებებით აღინიშება.

24 მაისს, გაერო-ს სათაო ოფისში, ნიუ-იორკში, დაგეგმილია შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია და სადღესასწაულო ღონისძიება.

 ამასთან, ვაშინგტონში ყოველწლიური კონფერენცია „დემოკრატია უსაფრთხოება და ეკონომიკური-საინვესტიციო შესაძლებლობები“, გაიმართება. ბრიუსელში ჩატარდება ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი და კონფერენცია პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის მემკვიდრეობაზე. საფრანგეთში, ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყობა პირველი რესპუბლიკის ისტორიული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი, ლევილის ქართული აკადემია.