საქართველოს პირველი არხის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შემოსულ შეტყობინებასთან დაკავშირებით თინათინ ბერძენიშვილი და გიორგი გვიმრაძე გამოკითხეს
საქართველოს პირველი არხის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შემოსულ შეტყობინებასთან დაკავშირებით თინათინ ბერძენიშვილი და გიორგი გვიმრაძე გამოკითხეს

საქართველოს პირველი არხის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შემოსულ ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ბერძენიშვილი და ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე გამოკითხეს.

თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, გამოძიებას მათ ხელთ არსებული ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეს.

„გამოძიება დაიწყო ამ ფაქტზე. დეტალურად მოვუყევით, რა მოხდა ზარის შემოსვლიდან, შემდეგ განვითარებული პროცესები. შენობის დათვალიერებას და შემოწმებას ვგულისხმობ. ჩვენი მხრიდან ყველა ინფორმაცია იყო მიწოდებული, ასევე ამოღებულია ჩანაწერი ტელეფონიდან, სადაც ეს შეტყობინება შემოვიდა“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.

გიორგი გვიმრაძის თქმით, ზარის განმახოირციელებელი პირი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.

„ცხადია, აინტერესებდათ, რა ინფორმაციას ვფლობთ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით. რა დროს გავიგე ამ შეტყობინების შესახებ. გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების მიმართულებით. ამ დროისთვის, სამწუხაროდ, ჯერ არ არის იდენტიფიცირებული ზარის განმახორციელებლის ვინაობა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი და შესაბამისი პასუხი იქნება გაცემული კონკრეტულ ქმედებაზე“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

გამოკითხვა ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში ერთ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე ზარი ბომბის არსებობის შესახებ დღეს შემოვიდა. შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. საქართველოს პირველი არხის შენობაში სამართალდამცველები ოთხ საათზე მეტხანს მუშაობდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ გამნაღმველები.

საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, საქართველოს პირველი არხის ტელე და რადიოთერი შეფერხების გარეშე მუშაობდა.

შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ ცრუ აღმოჩნდა. საქართველოს პირველი არხი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.