საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებულის, გიორგი მაღრაძის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებულის, გიორგი მაღრაძის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება

საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულის, გიორგი მაღრაძის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება.

პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდება უკვე მეორე პირს წარუდგინა.

სამართალდამცველებმა გ.მ. 2021 წლის 14 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 22 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.