საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მათთან ერთად გაიმართა კიდევ ხუთი პირის სასამართლო სხდომა და მათ შემთხვევაშიც მოსამართლემ იგივე გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, ასევე იმსჯელეს საქმის არსებით განსახილველად გადაცემაზე. არსებითი განხილვის პირველი სხდომა პირველ ნოემბერს არის ჩანიშნული. ბრალდებულების ადვოკატებმა საქართველოს პირველ არხს კომენტარზე უარი უთხრეს.

შეგახსენებთ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი – ილია თვალიაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს – გიორგი მაღრაძეს, გიორგი წარუაშვილსა და ცოტნე ჩიხლაძეს გუშინ ბრალდება დაუზუსტდათ. სახელმწიფო ბრალდებამ დაკავებულებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლი (117) დაუმატა, რაც სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.