პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება დაუზუსტდათ
პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება დაუზუსტდათ

5 ივლისს რუსთაველის გამზირზე საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს – გიორგი მაღრაძეს, გიორგი წარუაშვილსა და ცოტნე ჩიხლაძეს ბრალდება დაუზუსტდათ.

სახელმწიფო ბრალდებამ დაკავებულებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლი (117) დაუმატა, რაც სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამ ბრალდებულს – გ.მ.-ს, გ.წ.-სა და ც.ჩ.-ს ბრალდება დაუზუსტდათ სსკ-ის 225-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით, 154-2 მუხლით და 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით)“, – აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი – ილია თვალიაშვილი.