საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ
საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ

5 ივლისის მოვლენებისას დაშავებული საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის კვლავ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ რჩება და განაგრძობს მკურნალობას. მას სავარაუდოდ ხვალ გაწერენ კლინიკიდან.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორი გიორგი კორძახია აცხადებს, რომ 5 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლებიდან სამი კვლავ რჩება მათ კლინიკაში და ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური.

„ამ ეტაპზე, კლინიკაში რჩება სამი პაციენტი. ერთის გაწერა დღეს უკვე იგეგმება. დარჩება ორი პაციენტი. მათი მდგომარეობა არის სტაბილური, დამაკმაყოფილებელი. ყველაფერი ჯდება იმ დაზიანების მასშტაბში, რაც ჩაუტარდათ და ალბათ, ხვალ ან ზეგ გაეწერებიან.

დღეს გაეწერება პაციენტი, რომელსაც ჰქონდა ცხვირის ძვლების მოტეხილობა, სტაბილურია და აღარ საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას, გაგრძელდება რეკომენდაციების შესრულება ბინაზე. იმ ორთან მიმართებაში, ერთ პაციენტს ჩაუტარდა ცოტა დიდი მასშტაბის ოპერაცია და ორივეს აქვს თვალის დაზიანება, ვაკვირდებით. გარდა ამისა, ერთს აქვს ტვინის შერყევა. ჩვენი მოლოდინია, რომ ორივეს შემთხვევაში სრულად აღდგება მხედველობა“, – აცხადებს გიორგი კორძახია.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.