საქართველოს პირველი არხი აცხადებს წინადადებების მიღებას Walt Disney-ის ანიმაციური ფილმების სიმღერების ქართულენოვან ვერსიებზე
საქართველოს პირველი არხი აცხადებს წინადადებების მიღებას Walt Disney-ის ანიმაციური ფილმების სიმღერების ქართულენოვან ვერსიებზე

საქართველოს პირველი არხის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია, მედიაინდუსტრიის და მასთან მომიჯნავე სფეროების განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ინვესტიციის განხორციელება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პირველი არხი აცხადებს წინადადებების მიღებას ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიის The Walt Disney-ის ანიმაციურ ფილმებში გამოყენებული სიმღერების ქართულენოვანი ვერსიების შექმნაზე.

თანამშრომლობის ფარგლებში, „დისნეის“ მოთხოვნის თანახმად, უნდა განხორციელდეს ყველა დროის საუკეთესო ანიმაციური ფილმების ქართულენოვანი დუბლირება, რაც გულისხმობს ორიგინალი მუსიკალური კომპოზიციების ქართული ვერსიების შექმნას.

პირველი არხის მხრიდან მოწოდებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • ერთ-ერთი ჩასაწერი სიმღერის ორიგინალური ვიდეოფრაგმენტი ფილმიდან
  • ჩასაწერი სიმღერის ე.წ. მინუს ფონოგრამა
  • სიმღერის ტექსტი ორიგინალის ენაზე
  • ჩასაწერი 21 სიმღერის სრული ნუსხა
  • ნოტები
  • საწარმოო გეგმის შაბლონი
  • პროექტის ბიუჯეტირების შაბლონი

დოკუმენტაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ამ მბულიდან

 

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

  1. ინფორმაცია წინადადების წარმდგენი პირის შესახებ
  2. სიმღერა ქართულ ენაზე (გამოსახულებასთან დასინქრონებული)
  3. ტექსტი ქართულ ენაზე
  4. შემსრულებელთა (მომღერალი/მსახიობი) სავარაუდო ნუსხა
  5. საწარმოო (კალენდარული) გეგმა
  6. პროექტის ბიუჯეტი (ერთეულის/ების ღირებულება და სრული ბიუჯეტი)

 

ვადები:

წინადადებები მიიღება 2021 წლის 12 თებერვლიდან ელექტრონული სახით, მისამართზე [email protected]

დოკუმენტაციის გამოგზავნისას დანიშნულებაში მიუთითეთ – სიმღერები დისნეისთვის.

დამატებითი ინფორმაციისა და მასალების მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 46 05 46

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 5 მარტის ჩათვლით. განხილვა/შეფასება განხორციელდება არა უგვიანეს 20 მარტისა.

დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, თქვენი წინადადება არ განიხილება.

დათქმა წარმოდგენილი მასალის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით:

წარმოდგენილი მასალები არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის მეშვეობით ხელმისაწვდომი სხვა, მესამე პირებისათვის.

წინადადების წარმდგენი/მისი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტები.

წინადადების წარმდგენი/მისი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ წინამდებარე პროექტის ფარგლებში შექმნილი ნაწარმოები არის ორიგინალური და არ წარმოადგენს ამ სფეროში არსებული რომელიღაც სხვა პროექტის ანალოგს ან/და პლაგიატს (შესაბამისად, არ არის გადამუშავებული, შედგენილი, რეპროდუცირებული ან/და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით შექმნილი ნაწარმოები), ხოლო ადაპტაციის ან/და გადამუშავების შემთხვევაში, მიღებულია ავტორ(-ებ)ის შესაბამისი ნებართვა. გამომდინარე აქედან, კონკურსში მონაწილე ადასტურებს, რომ პასუხისმგებელია ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ რაიმე სახის პრეტენზიის ან/და სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში.

წინამდებარე განაცხადზე თანდართულ ტექსტზე/სხვა მასალაზე სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ავტომატურად არ წარმოეშვება რაიმე სახის უფლებები. წარმოდგენილი ტექსტის/სხვა მასალის საფუძველზე შექმნილ პროექტზე უფლებების წარმოშობა დამოკიდებულია დამატებითი შეთანხმების/ხელშეკრულების გაფორმებაზე.

კომპანია „დისნეიმ“ (The Walt Disney Company) საქართველოში პირველად თანამშრომლობის კონტრაქტი პირველ არხთან გასული წლის დეკემბერში გააფორმა. კონტრაქტით გათვალისწინებულია 349 ფილმის ჩვენება.