საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ჩინეთიდან სამშობლოში დაბრუნდა #1TVSPORT
ჩინეთში დასრულებული ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ საქართველოს მოციგურავეები – ლუკა ბერულავა და კარინა საფინა.
ოლიმპიურ დელეგაციას აეროპორტში დახვდნენ გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები.
საქართველოს ოლიმპიური გუნდი ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) 9 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
ფიგურულ ციგურაობაში კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე მე-9 ადგილი დაიკავა და საქართველოსთვის ისტორიული შედეგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ საქართველო სპორტულ წყვილებში ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იყო წარმოდგენილი. დებიუტშივე ლიდერთა შორის ასპარეზობა კი უდავოდ შესანიშნავი შედეგია.
მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა ყინულზე ცეკვებში მე-19 ადგილი დაიკავა. ქალთა ერთეულებში ანასტასია გუბანოვამ მე-11 ადგილით დაასრულა გამოსვლა. კაცთა ერთეულებში მე-10 შედეგი ჰქონდა მორის ყვითელაშვილს, გუნდურში კი, სადაც საქართველოს ნაკრებს დებიუტი ჰქონდა, მე-6 ადგილი დავიკავეთ. გარდა ამისა, მორის ყვითელაშვილმა საუკეთესო ათეულში შესვლით საჩვენებელი პროგრამით გამოსვლა დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მთლიანი შედეგების გათვალისწინებით საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები პეკინის თამაშებზე კონკურენტუნარიანი და მოტივირებული გუნდით წარდგა.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედ ასპარეზობდა და ამ მხრივ, საქართველოს რეკორდსმენი გახდა სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური, რომელმაც გიგანტურ სლალომში მისთვის საუკეთესო, 34-ე ადგილი დაიკავა, სლალომში კი 42-ე ადგილი ერგო.
ოლიმპიურ ტრასებზე დებიუტი ჰქონდა სოსო ჯაფარიძეს. ქართველმა მოთხილამურემ სლალომში 32-ე ადგილი დაიკავა, რაც უდავოდ კარგი მაჩვენებელია.
ასევე იმედის მომცემი იყო ციგაობაში საბა ქუმარიტაშვილის ასპარეზობა. 21 წლის მოციგავემ მისთვის სადებიუტო თამაშები 31 ადგილით დაასრულა.