საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრებმა ფრანგ თანატოლებს მოუგო
საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრებმა ფრანგ თანატოლებს მოუგო

საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრებმა საფრანგეთში მოსამზადებელი შეკრება ჩაატარა, სადაც ფრანგ თანატოლებს ორჯერ შეხვდნენ. პირველ შეხვედრაში ქართველებს გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდათ (19:24).

მეორე მატჩში მათ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, ორი უპასუხო ლელო დაუდეს და 14:0 გაიმარჯვეს. 

საგულისხმოა, რომ საფრანგეთის ძირითადი ოცწლამდელთა ნაკრები “ექვს ერში” ასპარეზობს და უმცროსი “ბორჯღალოსნები” ე.წ. “განვითარების გუნდს”, ანუ ნაკრების უახლოეს რეზერვს დაუპირისპირდნენ. ქართველების შეკრებაზეც არ იმყოფებოდა ნაკრების ყველა კანდიდატი, ვინაიდან ლეგიონერები კლუბებში ირჯებიან. 

უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” ფრანგი თანატოლები ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და საბოლოო ანგარიში მათ უპირატესობას სრულად არ ასახავს. მატჩის პირველი ლელო მე-13 წუთზე, მოლიდან, ლევან პაპიძემ დადო. ქართველებმა მეორე ლელოც პირველივე ნახევარში, 27-ე წუთზე დადეს. ფრანგებმა საკუთარი ხუთმეტრიანი დერეფანი დათმეს და რამდენიმე ფაზის შემდეგ ბურთი ლელოში გურამ გოგიჩაიშვილმა გადადო. 

18 მარტიდან, ქართველი მორაგბეები, სამ კვირიან მოსამზადებელ შეკრებას სამხრეთ აფრიკაში გაივლიან. გუნდი მასპინძელ თანატოლებთან კვლავ ორ საკონტროლო მატჩს გამართავს.