საქართველოს ნაკრებს კვირკველიაც დააკლდა - გუნდი თურქეთში შეიკრიბა
საქართველოს ნაკრებს კვირკველიაც დააკლდა - გუნდი თურქეთში შეიკრიბა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სექტემბერში კორეისა და დანიის ნაკრებებთან დაგეგმილ შეხვედრებს სერიოზული დანაკლისით ხვდება – „ჯვაროსნებს“ ორი ცენტრალური მცველი ვერ დაეხმარება. ვლადიმირ ვაისის გუნდს საბა კვირკველია და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სტამბოლში შეიკრიბა და კორეასთან წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის მზადება დაიწყო. ხოჭოლავა, რომელსაც მხრის ტრავმა აწუხებს, გუნდთან ერთადაა და მსუბუქ ინდივიდუალურ მომზადებას გადის. კვირკველია კი ჯერ ფორმაში არ არის.

შეკრების პირველ დღეს გუნდმა ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე ივარჯიშა. ვლადიმირ ვაისის გუნდი არასრული შემადგენლობით ემზადება – საწვრთნელ პროცესში 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი);

თავდამსხმელი: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია).

დღეს კიდევ ოთხი ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა – გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე – ანორთოსისი, კვიპროსი).