საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, ჰაიკოუს „გიმნაზიუმში“ ივარჯიშა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა ჩინეთის კუნძულ ჰაინანზე პირველი ვარჯიში გამართა. ეს გახლავთ მატერიკული ჩინეთისგან გამოყოფილი კუნძული ქვეყნის უკიდურეს სამხრეთში, რომელიც ტროპიკულ ზონას მიეკუთვნება და იქ საკმაოდ ცხელა — განსაკუთრებით, ზაფხულში. ჩინეთის კალათბურთის ფედერაციის დაფინანსებით, მესამე წელია, იმართება „სოლიდარობის თასი“, რომელიც წლეულს ქალაქ ჩენგდუში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მოგვიანებით მისი ლოკაცია კუნძულზე გადაიტანეს.
„სოლიდარობის თასი“ პირდაპირ პასუხობს საკუთარ დასახელებას: მას არ ჰყავს ერთპიროვნული გამარჯვებული, რადგან მთავარი გამარჯვება მონაწილე გუნდებს შორის სოლიდარობა და მეგობრობაა. დამზადებულია ოთხი თანაბარი ზომისა და იერის მქონე თასი, რომელიც ოთხივე მონაწილეს გადაეცემა. ტურნირზე არ გამოიყენება ვიდეორეფერი (instant replay), რადგან ორგანიზატორები, სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე, ამის საჭიროებას ვერ ხედავენ და სრულად ენდობიან არბიტრების პირველად გადაწყვეტილებებს. სხვათა შორის, ტურნირს 6 მსაჯი მოემსახურება, რომლებიდანაც 3 ჩინელია, 2 – მონეტენეგროელი, ერთიც ჩინეთის მაკაოდანაა.
ტურნირის კალენდარიც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ უძლიერესის გამოვლენა ორგანიზატორთა მიზანი არ გახლავთ, რადგან 4 მონაწილიდან 2 ერთმანეთს საერთოდ არ ხვდება. ესენია საქართველო და კამერუნი, რომლებიც იასპარეზებენ „სოლიდარობის თასზე“, თუმცა ერთმანეთის პირისპირ არ დადგებიან.

ტურნირის მასპინძელია უზარმაზარი დარბაზი — Wuyuanhe Gymnasium-ი, რომელიც ჰაიკოუს დასავლეთ გარეუბან სიუინგში მდებარეობს. ნაგებობა 16 ათას მაყურებელს იტევს. დარბაზი ჩინეთის მატჩებზე, სავარაუდოდ, სრულად შეივსება, ხოლო სხვა შეხვედრებზე ორგანიზატორები 7-8 ათას მაყურებელს ელოდებიან.
საქართველოს ნაკრებმა დღეს საათნახევრიანი ინტენსიური ვარჯიში ჩაატარა, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა, მარკო ესპოზიტომ და მისმა ასისტენტმა, ნიკოლოზ ცინცაძემ ნაყოფიერად გამოიყენეს და გუნდის წევრებს სხვადასხვა კომბინაცია დაამუშავებინეს. საქართველოს ნაკრების სათამაშო ხელწერა ეროვნული გუნდის მსგავსი იქნება, რადგან ორივე მწვრთნელსა და მოთამაშეთა უმრავლესობას სწორედ ეროვნული ნაკრების ვარჯიშებზე აქვთ საკმაო დრო გატარებული.
ჩინური მასმედიის მხრიდან ვარჯიშისადმი დიდი ინტერესი დაფიქსირდა. რთული სათქმელია, ზუსტად რამდენი საინფორმაციო საშუალება იყო მოსული ვარჯიშის კადრების გადასაღებად, თუმცა ფაქტი ერთია — ჩინელების ინტერესი უდიდესი გახლდათ. სამწუხაროდ, მატჩების ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებას ჩინური TikTok-ი ფლობს, რომელიც Douyin-ის სახელითაა ცნობილი და ეს აპლიკაცია ჩინეთის ფარგლებს გარეთ პრაქტიკულად მიუწვდომელია.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 24 ივლისს, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც კიდევ ერთხელ 27 ივლისს შეხვდება. ტურნირის მესამე შეხვედრას კი ქართველები ამ ორ მატჩს შორის — 25 ივლისს მასპინძელ ჩინეთთან ჩაატარებენ.