საქართველოს ნაკრების მეტოქე ტაილანდის ნაკრები - ბრაზილიაში დაბადებული გერმანელი მწვრთნელი და ორი ლეგიონერი „ომის სპილოებში“ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მეტოქე ტაილანდის ნაკრები - ბრაზილიაში დაბადებული გერმანელი მწვრთნელი და ორი ლეგიონერი „ომის სპილოებში“ #1TVSPORT

ტაილანდის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე პოლკინგი ევროპაში გასამართ ორ მატჩს 23-კაციანი შემადგენლობით ხვდება. 12 ოქტომბერს ტაილანდი საქართველოს შეხვდება, ხოლო ხუთი დღის შემდეგ – ესტონეთს.

ტაილანდის ნაკრების მეტსახელია „ომის სპილოები“. გუნდი ფიფა-ს წევრია 1925 წლიდან. უმაღლესი მიღწევა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ფეხბურთის ჩემპიონატის მოგებაა (ექვსჯერ). ამჟამად ტაილანდი ფიფა-ს რეიტინგში 112-ე ადგილზეა.

ტაილანდელთა მწვრთნელი 47 წლის ალექსანდრე პოლკინგია, ბრაზილიაში დაბადებული გერმანელი. კარიერა სამშობლოში, გერმანიაში დაიწყო. თამაშობდა ბილეფელდის „არმინიაში“ და „დარმშტადტში“. 2005 წელს გადავიდა კვიპროსში, სადაც გამოდიოდა ნიქოზიის „ოლიმპიაკოსსა“ და აპოელ-ში.

პოლკინგი 2008 წელს იყო ცნობილი სპეციალისტის, ვინფრიდ შეფერის თანაშემწე „ალ აინში“ და „ბაქოში“. 2012 წელს ალექსანდრე პოლკინგი ჩავიდა ტაილანდში, სადაც ტაილანდის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნული შეფერის ასისტენტი გახდა, შემდეგ კი დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და რამდენიმე ტაილანდურ კლუბში იმუშავა.

პოლკინგი ტაილანდის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2021 წლის 28 სექტემბერს გახდა. 2022 წელს მისმა გუნდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ჩემპიონის ტიტული დაიცვა და ტაილანდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სპეციალისტად ითვლება.

აზიელთა გუნდში ორი ნატურალიზებული მცველია. შვედი ელიას დოლა და ნორვეგიელი ნიკოლას მიკელსენი, რომელიც დანიური „ოდენსეს“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა. ტაილანდის ნაკრებს, გაახალგაზრდავების პროცესის გამო, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დააკლდა, ამან გულშემატკივრებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია.

ერთ-ერთმა ტაილანდელმა ჟურნალისტმა, ტა ლაომ ნაკრების ფეხბურთელების არჩევანი მოულოდნელად მიიჩნია: „ჩვენ ვერ შევძელით საუკეთესო მოთამაშეების შეკრება. ეს სამარცხვინოა“.

ალექსანდრ პოლკინგმა ეროვნულ გუნდში ხუთი ახალი ფეხბურთელი მიიწვია.

„ჩვენ გვიჭირს საუკეთესო მოთამაშეების შეკრება, რადგან კლუბებმა ყველა არ გამოუშვეს. კარგად გვესმის, რამდენად რთულ ვითარებაში ვართ. ჩვენ შევხვდებით საქართველოს ძლიერ ნაკრებს და ეს შესანიშნავი შანსია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ადრე თამაშობდნენ 23-წლამდელთა ნაკრებში.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, სადაც ევროპული ტოპკლუბების ფეხბურთელები არიან. ეს მატჩი საშუალებას მოგვცემს, მათ დონეზე თამაში ვისწავლოთ. სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ“,- თქვა ალექსანდრ პოლკინგმა.

საქართველოს და ტაილანდის ნაკრებების შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102.3).