საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში ოთხი საფეხურით დაწინაურდა #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში ოთხი საფეხურით დაწინაურდა და 70-ე ადგილზეა – ასეთია ევროპის ჩემპიონატზე გასვლისა და ღირსეული გამოსვლის შედეგები.
საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორ თვეში მონტენეგრო ამხანაგურ შეხვედრაში 3:1 დაამარცხა, ევრო 2024-ზე კი თურქეთთან (1:3) და ესპანეთთან (1:4) წააგო, ჩეხეთთან ფრედ (1:1) ითამაშა, ხოლო პორტუგალიას 2:0 მოუგო.
საქართველოს ნაკრებმა 22.5 ქულა მოიპოვა, ჯამში 1361.41 ქულა დაუგროვდა და უკან ჩამოიტოვა ისლანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული გუნდები.
რეიტინგის სათავეში პირველ ორ პოზიციაზე ცვლილება არ მომხდარა, ლიდერი კვლავ არგენტინაა – მსოფლიოსა და სამხრეთ ამერიკის მოქმედი ჩემპიონი, მეორე საფრანგეთია. ათეულში ყველაზე მეტად, ხუთი პოზიციით გერმანიაში ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ესპანეთი დაწინაურდა და რეიტინგში მესამეა.
ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეული:
1. არგენტინა 1901,48
2. საფრანგეთი 1854,91
3. ესპანეთი 1835,67
4. ინგლისი 1812,26.
5. ბრაზილია 1785,61
6. ბელგია 1772,44
7. ნიდერლანდები 1758,51.
8. პორტუგალია 1741,43.
9. კოლუმბია 1727,32
10. იტალია 1714.29