საქართველოს ნაკრებებში „საბურთალოს“ 22-მა აღზრდილმა ითამაშა - ეს აჩვენებს, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებაში არც თუ მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებებში „საბურთალოს“ 22-მა აღზრდილმა ითამაშა - ეს აჩვენებს, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებაში არც თუ მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს #1TVSPORT

საბურთალომ“ სეზონი შეაჯამა და იმ მოთამაშეთა სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლებმაც წელს საქართველოს ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში ითამაშეს.

როგორც გაირკვა, სულ ქვეყნის ნაკრების ფორმა წელს თბილისური კლუბის აკადემიის 22 აღზრდილმა მოირგო, რაც უდავოდ შთამბეჭდავი რიცხვია.

„უკვე წლებია, რაც „საბურთალოს“ აკადემია ერთ-ერთი მთავარი საბაზო გუნდია ასაკობრივი ნაკრებების. ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელები მრავლად თამაშობენ, როგორც 17 და 19 წლამდე, ასევე ახალგაზრდულ ნაკრებში. რაც შეეხება ქვეყნის მთავარ გუნდს – პირველ ნაკრებშიც მრავლად არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც „საბურთალოს“ სკოლა აქვთ გავლილი. ისევე, როგორც გასულ წლებში, 2021 წელსაც „საბურთალოს“ ფეხბურთელებმა დიდი როლი ითამაშეს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში. 17-წლამდელები, როდესაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ასპარეზობდნენ და ფინალურ ეტაპზე გავიდნენ, გადამწყვეტი გოლი ალექსანდრე ნარიმანიძემ გაიტანა და თავისიანებს დაუვიწყარი გამარჯვება მოუტანა. ამ ჯგუფში ქართველებმა სამი თამაშიდან ორი გოლი გაიტანეს, ერთი სწორედ ჩვენებურის ანგარიშზეა. თუმცა, მანამდე ამხანაგურ შეხვედრებში თავი გივი ხაჩიძემ და გიორგი ტაბატაძემაც გამოიჩინეს. აღნიშნულ ნაკრებშია მეკარე რეზი კურტანიძე და გიორგი ციხელაშვილი. ფეხბურთის ფედერაციის აკადემიიდან დაბრუნდნენ „საბურთალოს“ ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ნაკრების ღირსებას იცავენ – ნიკა ყველაშვილი, გიორგი მაღრაძე და დავით მიქაია.

19 წლამდე ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ „საბურთალოს“ ერთბაშად 8 ფეხბურთელს უხმო (გიორგი კვერნაძე, ზუკა რუხაძე, გეგი გეგუჩაძე, ოთო მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი, გიორგი ამბროსიძე, დავით გოცირიძე, ლუკა წულუკიძე). ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენმა ნაკრებმა დამაჯერებლად იასპარეზა და ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო. 19-წლამდელებმა მასპინძელი ნორვეგია, უელსი და კოსოვო უკან მოიტოვეს და 7 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ. ამ ქვეჯგუფშიც სულ ორი გოლი გავიდა – ორივე გატანილი ბურთი საბურთალოელების ანგარიშზეა! ჯერ ოთო მამაგეიშვილმა ჩაახვია კუთხურიდან, შემდეგ შეხვედრაში თავი უკვე ტყუპისცალმა გიზიმ გამოიჩინა.

გადავიდეთ 21-წლამდელებზე, რომლებმაც შეიძლება ითქვას საფეხბურთო სამყარო აალაპარაკეს, როდესაც რამდენიმე კვირის წინ ინგლისის ნაკრების თანატოლები დაამარცხეს 3:2. ამ შეხვედრაშიც დიდი იყო „საბურთალოს“ ფეხბურთელების როლი – გიორგი გულიაშვილმა დუბლი მიითვალა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილმა სოლო რეიდით ისეთი გოლი გაიტანა, ბევრი ვარსკვლავი რომ მოაწერდა ხელს. ამავე ნაკრებში ასპარეზობენ ასევე ჩვენი ფეხბურთელები – თორნიკე მეგრელიშვილი, შოთა ნონიკაშვილი და ესპანურ „კადისის“ მეორე გუნდში იჯარით განათხოვრებული გიორგი ჯინჯოლავა.

რაც შეეხება ქვეყნის მთავარ ნაკრებს – აქაც ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელები დიდი დოზით არიან წარმოდგენილნი – ვაკო ყაზაიშვილი, ბაჩანა არაბული, ლაშა დვალი, ჯიმი ტაბიძე, გიორგი ხარაიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დავით ხოჭოლავა, გრიგოლ ჩაბრაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი.

სტატისტიკა არასდროს ტყუის – ზემოთ მოყვანილი ციფრები ნათლად გვიჩვენებს იმას, რომ „საბურთალოს“ თავისი არც თუ მოკრძალებული წვლილი შეაქვს ქართული ფეხბურთის განვითარებაში. ისიც ფაქტია, რომ ჩვენი საკლუბო აკადემია გამართულად მუშაობს და დიდ ფეხბურთში არაერთ ტალანტს უხსნის გზას“.