საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილების განცხადებას ეხმაურება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილების განცხადებას ეხმაურება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსადმი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილების მიმართვას ეხმაურება.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის გამოხმაურებას ამ თემაზე უცვლელად გთავაზობთ.

„გვსურს, განვმარტოთ, რომ 9 ნოემბერს ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმასთან დაკავშირებული გამოფენა ორგანიზებული იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო და ელჩი მის მომზადებაში ჩართული არ ყოფილა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი საღამოზე მოწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.

აქვე განვმარტავთ, რომ ევროპის მოედანზე მუდმივად რჩება მხოლოდ ბერლინის კედლის ფრაგმენტი, ხოლო გამოფენა მხოლოდ 9 ნოემბრის საღამოსთვის იყო ორგანიზებული.

მთავრობის ადმინისტრაცია იზიარებს ედუარდ შევარდნაძის ოჯახის მიმართვის შინაარსს და ადასტურებს მის უდიდეს როლს გერმანიის გაერთიანების ისტორიულ მოვლენაში“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილებმა (თამარ მოსაშვილი-შევარდნაძე, სოფიო შევარდნაძე, მარიამ შევარდნაძე, ლაშა შევარდნაძე, ნანული შევარდნაძე) საქართველოში გერმანიის ელჩისადმი მიმართვა დღეს გაავრცელეს. 

თბილისში, ევროპის მოედანზე, 9 ნოემბერს ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა და ფოტოგამოფენა მოეწყო.

საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენაზე ედუარდ შევარდნაძის ფოტო ვერ მოხვდა.