საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიო თასისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ის 33 მორაგბე დაასახელა, რომლებიც 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან.
შემადგენლობაში 19 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. 15 მორაგბე „შავი ლომიდანაა“, 18 მოთამაშე კი ლეგიონერია. მოსამზადებელ ეტაპზე დაშავდა და საფრანგეთში ვერ ითამაშებს კვაჭი გიორგი ჭყოიძე.
შემადგენლობაში 15 ისეთი მოთამაშეა, რომელთაც მსოფლიო თასზე აქამდეც უთამაშიათ. ლაშა ხმალაძე და სანდრო თოდუა რაგბის უმაღლეს ფორუმზე მეოთხედ ითამაშებენ. თავის მესამე მსოფლიო თასზე მიემგზავრებიან მერაბ შარიქაძე, ვასილ ლობჟანიძე, მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და კოტე მიქაუტაძე. მეორე მსოფლიო თასს ითამაშებენ მირიან მოდებაძე, გიორგი კვესელაძე, თედო აბჟანდაძე, გელა აფრასიძე, გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილი, ბექა გორგაძე და ბექა საღინაძე.
საფრანგეთში მარცხენა ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი და ნიკა აბულაძე იქნებიან, ხოლო მარჯვენა ბურჯებად ბექა გიგაშვილს, გურამ პაპიძეს და ლუკა ჯაფარიძეს ვიხილავთ. კვაჭის პოზიციაზე შემადგენლობაში შალვა მამუკაშვილი, ლუკა ნიორაძე და თენგიზ ზამთარაძე დარჩნენ. მეორე ხაზში – კოტე მიქაუტაძე, ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი და ლადო ჩაჩანიძე, ხოლო მესამე ხაზში ბექა საღინაძე, ბექა გორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, თორნიკე ჯალაღონია, მიხეილ გაჩეჩილაძე და ლუკა ივანიშვილი ითამაშებენ.
9 და 10 ნომერზე – ვასილ ლობჟანიძეს, გელა აფრასიძეს, თენგიზ პერანიძეს, თედო აბჟანდაძესა და ლუკა მატკავას, ხაზში კი გუნდის კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს, თორნიკე კახოიძეს, დემურ თაფლაძეს, გიორგი კვესელაძეს, აკაკი ტაბუცაძეს, ალექსანდრე თოდუას, მირიან მოდებაძეს, დავით ნინიაშვილსა და ლაშა ხმალაძეს ვიხილავთ.
მოსამზადებელ ეტაპზე ბორჯღალოსნებმა სამი გასახურებელი თამაში გამართეს. თბილისში რუმინეთისა (56:6) და აშშ-ის (22:7) სარეკორდო სხვაობით დამარცხებების შემდეგ „მარიფილდზე“ შოტლანდიას ტაიმი 6-0 მოვუგეთ, თუმცა საბოლოოდ მეტოქემ 33-6 გაიმარჯვა.
2023 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებენ
შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი („შავი ლომი“), გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ 92“), ნიკა აბულაძე („ექსეთერ ჩიფსი“), შალვა მამუკაშვილი („შავი ლომი“), ლუკა ნიორაძე („ორიაკი“), თენგიზ ზამთარაძე („შავი ლომი“), ბექა გიგაშვილი („ტულონი“), გურამ პაპიძე („პო“), ლუკა ჯაფარიძე („მონპელიე“), კოტე მიქაუტაძე („ბეიონი“), ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“), ლაშა ჯაიანი („ნევერი“), ლადო ჩაჩანიძე („ნევერი“), ბექა საღინაძე („ლიონი“), ბექა გორგაძე („პო“), გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“), თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“), მიხეილ გაჩეჩილაძე („შავი ლომი“), ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“);
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“), გელა აფრასიძე („ბეიონი“), თენგიზ პერანიძე („შავი ლომი“), თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), ლუკა მატკავა („შავი ლომი“), მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), გიორგი კვესელაძე („გლოსტერი“), აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), ალექსანდრე თოდუა („შავი ლომი“), მირიან მოდებაძე („შავი ლომი“), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლაშა ხმალაძე („შავი ლომი“).
შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო თასზე:
9 სექტემბერი | ავსტრალია – საქართველო
23 სექტემმბერი | საქართველო – პორტუგალია
30 სექტემბერი | ფიჯი – საქართველო
7 ოქტომბერი | უელსი – საქართველო