საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მიზნით სერვისების სააგენტოსთვის მიმართვის ვადა 2021 წლამდე იქნება
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მიზნით სერვისების სააგენტოსთვის მიმართვის ვადა 2021 წლამდე იქნება

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მიზნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მიმართვის ვადა 2021 წლამდე ხანგრძლივდება. შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა: ბექა ოდიშარიამ, გივი ჭიჭინაძემ, ფატი ხალვაშმა და სვეტლანა კუდბამ მოამზადეს, რომლის ინიცირება 17 ივნისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო გადაწყვეტილება მიღებული, უფლება ექნებათ, 2020 წლის 31 დეკემბრამდე სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით მიმართონ.

კანონპროექტის ავტორების ცნობით, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით სააგენტოს საქართველოს 5 524-მა მოქალაქემ მიმართა, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლებით სარგებლობის მოთხოვნით – 2957-მა პირმა.

„როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, ამ უფლებით მოსარგებლე პირების მომართვიანობა შედარებით დაბალია, ასეთი შესაძლებლობით პოტენციურად მოსარგებლე პირთა რიცხვი კი – მაღალი. მოცემულ პირობებში მიზანშეწონილია, რომ ასეთ პირებს 2019 წლის 15 აგვისტოს შემდეგაც მიეცეთ მსგავსი მექანიზმით სარგებლობის შესაძლებლობა იმავე ვადის განმავლობაში, რაც განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე მომართვისთვის“, – აღნიშნულია პროექტში.

დატოვე კომენტარი