საქართველოს მოლდოვის ვიცე პრემიერ-მინისტრი ეწვია
საქართველოს მოლდოვის ვიცე პრემიერ-მინისტრი ეწვია

საქართველოს მოლდოვის ვიცე პრემიერ-მინისტრი კრისტინა ლესნიკი ეწვია, რომელიც არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება.

კრისტინა ლესნიკის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდა და ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.

კრისტინა ლესნიკი ინაუგურაციის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

„ნიშანდობლივია მოლდოვიდან სწორედ ქრისტინა ლესნიკის ვიზიტი, რომელიც მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კრისტინა ლესნიკი ასევე მონაწილეობას მიიღებს თბილისში დაგეგმილ ელჩების კონფერენციაში, სადაც  კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებისადმი მიძღვნილ სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში, რომელიც ხვალ თელავში გაიმართება, მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოში უკვე ჩამოვიდა ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკიეტისი.