საქართველოს მედიანაკრები ქართული სათვისტომოს ტურნირზე მიიწვიეს #1TVSPORT
საქართველოს მედიანაკრები გერმანიაში, ქართული სათვისტომოს ყოველწლიურ ტურნირზე მიიწვიეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან გერმანიაში მცხოვრებმა ზაალ შეყლაშვილმა ისაუბრა.
„გერმანიაში ქართული სათვისტომო ყოველი წლის ივნისში მართავს ჩემპიონატს, რომელშიც ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები მონაწილეობენ — საფეხბურთო კლუბი „ჯორჯია მიუნხენი“, „გეორგია“, ბერლინის „იმედი“, დრეზდენელი ქართველები და ა.შ.
ბოლო წლებში ბევრი სამოყვარულო გუნდი დაარსდა. მაგალითად, „ჯორჯია მიუნხენი“ გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების კლუბია, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია ავარჯიშებს.
ტურნირი ერთ დღეს ტარდება და მთავარი პრიზისთვის 12 გუნდი იბრძვის. ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტს, გიგა გვენცაძეს შევხვდით, რომელმაც ამ ტურნირზე ქართული მედიანაკრების მონაწილეობა ისურვა. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი იდეაა.
ქართულ მედიას მიეცემა შესაძლებლობა, ახლოს გაიცნოს ჩვენი ემიგრანტების საფეხბურთო ცხოვრება. მაგალითად, „ჯორჯია მიუნხენი“ წარმატებული გუნდია და არ არის გამორიცხული, უფრო მაღალ ლიგაში დაწინაურდეს“, — ამბობს ზაალ შეყლაშვილი.