საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს

07:31, 23.11.2018

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, დილიდან, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. საპატრიარქოს ინფორმაციით, წირვაზე ტაძარში გამობრძანებული იქნება წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი და მადლის ქვა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.

წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანებზე დევნა დაიწყეს, წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. ამის შემდეგ, კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა.

წმინდა გიორგის 303 წელს თავი მოკვეთეს. ის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

 

მსგავსი