საქართველოს ხელბურთის ნაკრებს რუმინელი სპეციალისტი გაწვრთნის - ახალგაზრდა მოთამაშეებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ
საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს რუმინელი სპეციალისტი – სანდუ ფლორინ იაკობი უხელმძღვანელებს. 43 წლის რუმინელს მთავარ მწვრთნელად ხუთ რუმინულ გუნდსა და რუმინეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უმუშავია.
სანდუ იაკობმა მოთამაშის რანგში რუმინეთის ჩემპიონობა 4-ჯერ იზეიმა, ხოლო თასის მოგება 5-ჯერ მოახერხა. რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში 154 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 576-ჯერ გამოიჩინა. ფლორინი 2009 წლის ხორვატიის მსოფლიო ჩემპიონატზე რუმინეთის ნაკრების კაპიტანი იყო.
43 წლის იაკობის სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს დაიწყო, როცა ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, რის შემდეგაც ვასლუიში, კონსტანტაში, ფოკსანში და ბუქარესტის სტიაუაში იმუშავა, ხოლო 2020 წლის დეკემბერში ბაკაუში დაინიშნა. 2018 წელს კონსტანტასთან ერთად, რუმინეთის თასის მფლობელიც გახდა, სადაც მისმა გუნდმა ფინალში ტიმიშოარა 23:21 დაამარცხა.
სანდუ ფლორინ იაკობი თბილისშია და საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ღია ვარჯიში გამართა, რომლის შემდეგაც მედიას ესაუბრა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს ნაკრებს სათავეში ჩავუდექი. მთავარია, ეროვნული გუნდი განვითარდეს – ამისთვის გარკვეული მოდელია მოსარგები. მაქვს ჩემი სათამაშო ფილოსოფია, რომლის დანერგვასაც ნაკრებში ვაპირებ. ასევე მსურს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც საქართველოს ნაკრებში მრავლად არიან“, – ამბობს სანდუ ფლორინ იაკობი.