საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან მეორე მატჩშიც დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სალონიკში ვერც მეორე ამხანაგურ მატჩში მოახერხა საბერძნეთის ეროვნულ გუნდის დამარცხება და ისევ 2-ბურთიანი სხვაობით წააგო – 24:26.
საქართველო
ცინცაძე (1), ნიქაბაძე, აბრამიშვილი, რუსტამოვი (1), კალანდაძე (7), ორჯონიკიძე (1), გავაშელიშვილი, კბილაშვილი (1), სომონია, ცხოვრებაძე (6), დიხამინჯია (7), გოგოლაძე, ლაპიაშვილი.
სალონიკში გამართული მატჩი ქართველმა ხელბურთელებმა აქტიურად დაიწყეს. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. ტაიმის მიმდინარეობისას ქართველი ხელბურთელები რამდენჯერმე დაწინაურდნენ, თუმცა ბერძნები ახერხებდნენ სხვაობის გაქვითვას და საბოლოოდ ტაიმი ფრედ 13:13 დასრულდა.
მეორე ტაიმიც, პირველის მსგავსად, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, საქართველოს ნაკრები რამდენჯერმე გავიდა წინ, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ვერ მოახერხა. ბერძნებმა მატჩის დასკვნით მონაკვეთში შეძლეს თამაშის სასურველი სცენარით წარმართვა. შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ორი ბურთით დაწინაურდნენ და საბოლოოდ 26:24 გაიმარჯვეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება. გასული წლის ოქტომბერში ქართველი ხელბურთელები სტუმრად შვეიცარიასთან – 23:24, ხოლო თბილისში უნგრეთთან 24:41 დამარცხდნენ. მარტსა და აპრილში ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი გუნდი ლიეტუვის, შვეიცარიისა და უნგრეთის ნაკრებებს ეთამაშება.
შესარჩევში დარჩენილი მატჩების კალენდარი ასეთია:
8 მარტი – საქართველო-ლიეტუვა
12 მარტი – ლიეტუვა-საქართველო
26 აპრილი – საქართველო-შვეიცარია
30 აპრილი – უნგრეთი-საქართველო
ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის 10-28 იანვარს გერმანიაში გაიმართება, მასში მონაწილეობას 24 ნაკრები მიიღებს. ტურნირის მასპინძელი გერმანია და წინა ევროპირველობის სამი საუკეთესო გუნდი (შვედეთი, ესპანეთი, დანია) ტურნირზე ავტომატურად არიან დაშვებული, მათ შესარჩევი ტურნირიდან 20 საუკეთესო დაემატება. საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასულ ნაკრებებს 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება.