საქართველოს ღვინის 70-მდე პროფესიონალი ესტუმრება
საქართველოს ღვინის 70-მდე პროფესიონალი ესტუმრება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირაში საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის 70-მდე პროფესიონალი ეწვევა, რომლებიც 10 მაისს დაგეგმილ ბუნებრივი ღვინის ფესტივალს „ზერო კომპრომაისი“ და 11 მაისს დაგეგმილ „ახალი ღვინის ფესტივალს“ დაესწრებიან. ღვინის მაგისტრები, სომელიეები, ღვინის იმპორტიორები, ღვინის მწერლები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები საქართველოს იტალიიდან, კანადიდან, პოლონეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შვედეთიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ხორვატიიდან, სლოვენიიდან და იაპონიიდან ეწვევიან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტუმრების ნაწილი უკვე ჩამოსულია საქართველოში და ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეცნობა. სტუმრებს შორისაა ცნობილი ფრანგი ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი, ასევე ფრანგი მეღვინე ტიერი პუზლა, იტალიელი მეღვინე იოშკო გრავნერი, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში. „ზერო კომპრომაისი“ ტარდება ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს“ ორგანიზებით, ხოლო „ახალი ღვინის ფესტივალის“ ორგანიზატორია „საქართველოს ღვინის კლუბი“. ორივე ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება. „ახალი ღვინის ფესტივალი“ მე-10, საიუბილეოა და მთაწმინდის პარკში გაიმართება, ხოლო „ზერო კომპრომაისი“ მეოთხედ ტარდება და წელს იგი ყოფილის აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე (კოსტავას N59) გაიმართება. „ახალი ღვინის ფესტივალი“ წელსაც დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, „მრავალჟამიერის“ თანხლებით. ორივე ფესტივალის ჩატარების მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.