ვახტანგ ცინცაძე – სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის „პოზიტიურამდე“ გაუმჯობესება ადასტურებს, რომ ქვეყანას სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს

11:36, 31.10.2026

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, რეიტინგი კი უცვლელად, BB დონეზე დატოვა, რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს, — ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, Fitch-ის მიერ საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება ასევე მეტყველებს, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სანდოა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებისთვის, საქართველოს ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობა კი დღითი დღე იზრდება.

„რეიტინგის გაუმჯობესებას ამყარებს ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს მაკროეკონომიკური მიმართულებით. აქვე აღსანიშნავია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, საერთაშორისო რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი და, ზოგადად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრადი შემცირება, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახა რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებაზე“, — აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2023-2025 წლებში ორჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მსგავსი რეიტინგის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.

„Fitch-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2026 წელს ზრდის მიმართულებით დააზუსტა და მიმდინარე წელს 7.5%-იან ზრდას ელოდება. ყოველივე აღნიშნული განპირობებულია საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური ნაბიჯებით. ამ მიმართულებითაც მთავრობა აქტიურ მუშაობას აგრძელებს, რათა მომდევნო თვეებსა და წლებში შენარჩუნებულ იქნეს მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი“, — განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი