საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი შეემატა
გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ფიგურული სრიალის რეფერებისთვის, ტექნიკური კონტროლიორებისა და სპეციალისტებისთვის რე-სერტიფიცირების, ასევე კანდიდატებისთვის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის სტატუსის მისანიჭებელი გამოცდები გაიმართა.
თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შემდგარი საკმაოდ რთული გამოცდა წარმატებით ჩააბარა იულია ლევშუნოვამ, რომელიც ამიერიდან უმაღლესი დონის ტურნირებზე საქართველოს სახელით იმსაჯებს.
ლევშუნოვას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის სტატუსი ერთეულთა და სპორტული წყვილების კატეგორიაში მიენიჭა. გამოცდის თეორიულ ნაწილში მან ქულათა 92%, ელემენტების იდენტიფიცირებისა და კომპონენტების შეფასების პრაქტიკულ ნაწილში კი 99% დააგროვა.