გარიგებებში ეჭვმიტანილებს სამუდამო წითელი - „ვიტ ჯორჯიას“ 6 ქულა დააკლეს
გარიგებებში ეჭვმიტანილებს სამუდამო წითელი - „ვიტ ჯორჯიას“ 6 ქულა დააკლეს

4 ივნისს გამართული სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომის შედეგები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე წუთის წინ გაასაჯაროვა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გამართულ სხდომაზე მოისმინეს მატჩის შედეგსა და მსვლელობაზე მანიპულირებაში ბრალდებული ფეხბურთელების საკითხი და უმკაცრესი სასჯელები გამოიტანეს: თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს: გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს ფეხბურთში საქმიანობა სამუდამოდ აკრძალათ, ხოლო თავად კლუბს დააკლდა ექვსი ქულა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის „გურიას“ ორი მოთამაშის – რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის საკითხზე, ასევე „ჭიათურას“ მოთამაშის, ირაკლი ხუჭუას საკითხზე და დაადგინა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა.

გარდა ამისა, ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში ჩხოროწყუს „სამეგრელოსა“ და ხობის „კოლხეთის“ მატჩის დასრულებისას მომხდარი ინციდენტის გამო, ორივე კლუბი 200-200 ლარით დაჯარიმდა. ხობის „კოლხეთის“ ფეხბურთელი ლანა ჯიქია და ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ წევრი ანა გაბედავა კი სამ-სამი მატჩით არიან დისკვალიფიცირებულნი.

მე-15 ტურში ბოლნისის „სიონსა“ და „რუსთავს“ შორის მომხდარი ინციდენტის დროს გაძევებული ოთხი ფეხბურთელი – დავით თარგამაძე, ვილი ისიანი, ლუკა გადრანი და ლაშა ქოჩლაძე ოთხ-ოთხ მატჩს გამოტოვებენ და თითოეული მათგანი ჯარიმის სახით 1000 ლარს გადაიხდის, ისევე, როგორც ინციდენტის კიდევ ერთი მონაწილე ლევან ხმალაძე, რომელიც „სიონს“ ასევე ოთხ მატჩში ვერ დაეხმარება.

თბილისის ელიტლიგის გათამაშების 13-წლამდელთა ლიგაში „საბურთალოსა“ და „ავაზას“ მატჩის შემდეგ გულშემატკივართა მხრიდან მსაჯზე ფიზიკური თავდასხმის გამო, საფეხბურთო სკოლა „ავაზა“ დაჯარიმდა 1000 ლარით და ერთწლიანი პირობითი სასჯელით. გარდა ამისა, „ავაზას“ გუნდი მომდევნო სამ შეხვედრას მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.

ლიგა 4-ის მონაწილე სენაკის „ეგრისისა“ და ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო, „სამეგრელო“ დაჯარიმდა 250 ლარით, ხოლო ჩხოროწყუელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, თორნიკე გაგუას 250-ლარიან ჯარიმასთან ერთად სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაც დაეკისრა.