საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისიის განცხადება
სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის წევრები მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადავადების შესახებ. მსოფლიოში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, ეს იყო სწორი და დროული ნაბიჯი, რომელიც, პირველ რიგში, გადადგმულია სწორედ სპორტსმენთა უსაფრთხოებისთვის. ამით დასრულდა ერთგვარი გაურკვევლობის პერიოდი, როცა არ გვქონდა პასუხი ძირითად კითხვაზე, არ ვიცოდით, რა ბედი ეწეოდა ოლიმპიურ თამაშებს – ყველაზე მნიშვნელოვან, თითოეული ჩვენგანისთვის საოცნებო შეჯიბრებას, რომლისთვისაც ვემზადებოდით მთელი ჩვენი სპორტული კარიერის განმავლობაში.
დღეისათვის მთავარი ამბავი გარკვეულია – ოლიმპიური თამაშები აუცილებლად ჩატარდება და ეს მოხდება გაისად, არაუგვიანეს ზაფხულისა. როგორც კი ამის საშუალება მოგვეცემა, მთელი ძალით და შემართებით უნდა გავაგრძელოთ ვარჯიში უკვე სპორტულ დარბაზებში და მოედნებზე, ვეცადოთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ახალი შესაძლებლობა, რათა უფრო მეტი ოლიმპიური ლიცენზია მოვიპოვოთ, შემდეგ კი წარმატებით გამოვიდეთ ტოკიოში.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო, მთელ მსოფლიოსთან ერთად, დაძლევს ამ უპრეცედენტო კრიზისს და დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მათ შორის – სპორტის სფეროში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჯანდაცვის ორგანიზაციების, ჩვენი მამაცი ექიმების და მთელი სამედიცინო პერსონალის გმირულ თავდადებას კორონავირუსთან ბრძოლაში.
ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ჩვენგანის კეთილგონიერებაზე და მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე. მოგიწოდებთ, ზედმიწევნით დავიცვათ დღეს მოქმედი საგანგებო რეგულაციები და მოთხოვნები, პიროვნული მაგალითი მივცეთ ჩვენს ახალგაზრდებს და მთელ საზოგადოებას.
გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას, სიმხნევეს და ოპტიმიზმს.
სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის წევრების სახელით –
ვარლამ ლიპარტელიანი (კომისიის თავმჯდომარე).